ილია მეორე - თსუ-მ შეასრულა დიდი ღვაწლი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ კომუნისტური რეჟიმის მძიმე ტვირთის გამო ვერ შეასრულა
ილია მეორე - თსუ-მ შეასრულა დიდი ღვაწლი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ კომუნისტური რეჟიმის მძიმე ტვირთის გამო ვერ შეასრულა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეასრულა ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. გილოცავთ ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის დღესასწაულს. მე მინდა, უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო და დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მინდა, დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი. უწმინდესი და უნეტარესი კირიონი, კათალიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის მაჩვენებელი ქართული კულტურისა, ქართული წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტისა, ჩვენი სულიერებისა. მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ, მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა, ეს არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების, ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის გარეშე. მე შევესწარი კორნელი კეკელიძის გარდაცვალებას. იმ დროს კათოლიკოს-პატრიარქად ბრძანდებოდა ეფრემ მეორე და ის იყო მოწაფე კორნელი კეკელიძისა. სახელი ეფრემი კორნელი კეკელიძემ აურჩია მას. ჩვენ წავედით მის სახლში და ვემთხვიეთ მის ხელს გარდაცვალებულს. გილოცავთ კიდევ ერთხელ 100 წლისთავს უნივერსიტეტისა. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ჰყავს ასეთი თავდადებული პროფესორ-მასწავლებლები, არანაკლები მომავალი ექნება“, – აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სრულიად საქართველო დალოცა.