ილია მეორე - სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, მეგობრობისთვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და ლმობიერი, ასეთად დარჩება თემურ წიკლაური ჩვენს მეხსიერებაში
ილია მეორე - სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, მეგობრობისთვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და ლმობიერი, ასეთად დარჩება თემურ წიკლაური ჩვენს მეხსიერებაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ილია მეორის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

„მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ – როგორც პიროვნებაც.

ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა.

პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ.

თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს. ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა.

შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის.

სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა.

მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა“,- აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში პირველ თებერვალს გარდაიცვალა.