ილია მეორე - სასიხარულოა დაწყებით კლასებში „დედა ენის“ დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია
ილია მეორე - სასიხარულოა დაწყებით კლასებში „დედა ენის“ დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია

სასიხარულოა დაწყებით კლასებში „დედა ენის“ დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ​საშობაო ეპისტოლეში.

„მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს.

განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ, გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგათ თავისი ცხოვრების გზაზე.

მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას.

სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასს გაზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის; ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში „დედა ენის“ დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია; ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახალი ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას.

პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას; სასწავლო პროგრამებიდან, სამწუხაროდ, თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები, ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე, არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსსახსოვარი თარიღები; ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხის გასაცნობად… უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებებიც, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ“, – აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.