ილია მეორე - მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა
ილია მეორე - მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა

მე ვგრძნობდი, რომ 9 აპრილის ღამეს ხალხი არ დამიჯერებდა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, 9 აპრილი არის სამშობლოსთვის თავდადების მაგალითი.

„9 აპრილი იყო მზადება თავისუფლებისათვის. ძალიან ძნელია იმ ღამის გახსენება, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. ჩემთან შუაღამისას მოვიდნენ გორგოძე და მერაბი ღუდუშაური, მითხრეს, რომ საშიშროება ელოდებოდა საქართველოს. მთხოვეს, წავსულიყავი, მიმემართა ხალხისათვის. ძალიან მიჭირდა, მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა, სიმშვიდე ჩამოვარდა, მერე დაიყვირეს – არა. ეს იყო მზადყოფნა, ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა და წამოვიდა ტანკები. ახალგაზრდები შემომეხვივნენ, მე გულიც მომივიდა, რატომ დამიდგნენ წინ. ისინი დადგნენ იმისთვის, რომ დაცვა ყოფილიყო, სროლა თუ იქნებოდა, არ მომხვედროდა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ უარი თქვა შეთავაზებაზე მთავრობის კაბინეტში ასულიყო.

„ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო ჯუმბერ პატიაშვილი. მეორე დღეს მე დავრეკე და ვანუგეშე, ძალიან მძიმე ხვედრი ჰქონდა მას, ფიქრობდა თვითმკვლელობაზეც კი“, – განაცხადა პატრიარქმა.