ილია მეორე - ხარება იმდენად დიდი დღესასწაულია, წინაპრებისგან მსმენია, ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღეს
ილია მეორე - ხარება იმდენად დიდი დღესასწაულია, წინაპრებისგან მსმენია, ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულებს. იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდ შაბათს დაემთხვა ხარების დღესასწაული. მთავარანგელოზი გაბრიელი მოევლინა ღვთის განგებით ღვთისმშობელ დედას და მიმართა მას – გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთან არს.

პატრიარქმა სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდა, მასთან ერთად წაეკითხათ ღვთისმშობლის საგალობელი.

„ეს დღესასწაული იმდენად დიდია, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, მე გამიგონია მათგან, რომ ჩიტიც კი ბუდეს არ იკეთებს ამ დღესასწაულზე, იმდენად დიდია ეს დღესასწაული. შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, მისი მეოხებით, მისი შუამდგომლობით, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

სულიწმინდა მოვიდეს ჩვენს ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ბედნიერი აღდგომა გაგითენოთ ღმერთმა თქვენ, საქართველოს და მთელს მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

დღესვე, მღვდელმსახურები მცხეთას აკურთხებენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ ხარების დღესასწაული ასევე არის მცხეთის კურთხევის დღეც, რომელიც სამი წელია, აღდგა.