ილია მეორე - ხანძარმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა
ილია მეორე - ხანძარმა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება უმოწყალოდ დააზიანა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს წერილები გაუგზავნა, რომლებშიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.

შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული. ლოცვასა შინა თქვენი მომხსენებელი, ილია მეორე“, – აღნიშნულია წერილში.

„მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა.

დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.