ილია მეორე - ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს, ამას ემატება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა
ილია მეორე - ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს, ამას ემატება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა

ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

როგორც ეპისტოლეშია ნათქვამი, სულ სხვა წესებს ემორჩილებიან და სხვაგვარად აზროვნებენ ისინი, რომელთაც სულიერი თვალი დახშული აქვთ და არც ღვთისა სწამთ და არც მისი აღდგომისა.

„მათ შესახებ წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე წერს: თუკი არ არსებობს აღდგომა და სიკვდილით სიცოცხლე მთავრდება, დაუბრკოლებელი თავისუფლება ეძლევა კაცის მკვლელს; დაე, მეძავმა კადნიერად ხლართოს ბადეები ქორწინების წინააღმდეგ და მომხვეჭელნი ფუფუნებას მიეცნენ სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე… ნურავინ შეაჩერებს მაგინებელსა და ბილწის მთქმელს; დაე, ფიცის დამრღვევი მუდამ იფიცებდეს ტყუილად; დაე, იცრუონ, რამდენსაც ინებებენ, რადგან არავითარი სარგებელი არ არის ჭეშმარიტებისაგან
და ასკვნის: ამგვარი მსჯელობა სულს ამღვრევს და წარღვნამდელზე უარესი უწესრიგობა მოაქვს; თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან კავშირისა და სულიერი განწმენდის ნაცვლად, ისინი ამჟამად ისეთ ყოფას გვთავაზობენ, სადაც ერთი მხრივ, დომინანტური ფუნქცია ექნება რობოტებს, მეორე მხრივ კი, ადამიანის არასრულფასოვნებას, ხელოვნური ინტელექტი „შეავსებს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

ეპისტოლეს მიხედვით, ათეისტური თანამედროვე აზროვნება სხვა რეალობის შესაქმნელად ემზადება და ცდილობს ადამიანური ყოფიერების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვას, რათა თვითნებური მოდელირების გზით წაშალოს ზღვარი ნამდვილსა და წარმოსახვითს, ადამიანურს, მექანიკურსცხოველურსა და ქიმერულს შორის და კონტროლისა და ძალაუფლების ახალი, აქამდე უცნობი ფორმები დაამკვიდროს.

„ფილოსოფოსები საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს პოსტჰუმანისტურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად ხდება ზოგადად არსებული ნორმების რღვევა, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების დაკნინება, განათლების დონის დაცემა, სიღმისეული აზროვნებისთვის საფუძვლების მოშლა; „კრიზისული წესრიგის“ ფონზე კი ხელი ეწყობა ისეთი შემეცნების ჩამოყალიბებას, სადაც ეროვნული გრძნობები გამქრალია, სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა… გაყალბებული, პიროვნების იდეალი – უპერსპექტივო და გაუფერულებული; წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები“… ამგვარ სივრცეში საზოგადოების კლასიკური გაგება ნელ-ნელა ქრება, ხალხში დაუცველობის განცდა მატულობს და ადამიანური ფაქტორი უკანა პლანზე იწევს;

ამას ემატება ზოგადად რელიგიისადმი და კონკრეტულად საქართველოში, მართლმადიდებელი ეკლესიისადმი საზოგადოების გარკვეული ნაწილისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, სიძულვილის ენით მეტყველება, ორგანიზებული სახით პიროვნული და ინსტიტუციონალური დისკრედიტაციის მცდელობის მხარდაჭერა და მათი წახალისება, რომელნიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

გვახსენდება ბოლო ჟამის შესახებ მოციქულის სიტყვები: „უკანასკნელ ჟამს მოვლენ მკრეხელნი, თავიანთ უკეთურ გულისთქმათაებრ მავალნი; ესენი არიან განხეთქილების მოქმედნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენიმდრტვინავნი, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმათაებრ მავალნი, რომელთა ბაგენი მედიდურობენ და სარგებლის გამო პირფერობენ“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

დატოვე კომენტარი