ილია მეორე - კარგი იქნება, თუ ცოლ-ქმარი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებს
ილია მეორე - კარგი იქნება, თუ ცოლ-ქმარი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებს

კარგი იქნება, თუ ცოლ-ქმარი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებს, – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ​საშობაო ეპისტოლეში.

„სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის.

მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი; ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი.

ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს.

დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა.

ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა.

ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თვისი ძის სული გამოავლინა (გალატ.4,6) და აღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ასეთი პიროვნებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ ,,ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთოდ წარემართებათ…~ ხოლო ,,თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ” (რომ. 8, 28,31)!“, – აღნიშნულია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.