ილია მეორე - იმედი მაქვს, გავერთიანდებით ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება, რომ ნარკომანიით დაავადებული რაც შეიძლება ნაკლები იყოს [ვიდეო]

იმედი მაქვს, გავერთიანდებით ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება, რომ ნარკომანიით დაავადებული რაც შეიძლება ნაკლები იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ეს განსაცდელი უფრო ადვილად განქარვდება. განსაცდელი ალბათ საჭიროა ადამიანისთვის. ალბათ, უფლის განგებით, უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს, მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისიც, რომ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მინდა, ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ, მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ მისი აფხაზეთის მიტროპოლიტობის დროინდელი ფაქტი გაიხსენა.

​„მე როცა ვიყავი მიტროპოლიტი აფხაზეთისა, ჩემს პატრიარქობამდე, იქ ბრძანდებოდა აფხაზი ქალბატონი, პირველი ქირურგი აფხაზი ქალი და მას ჰყავდა ორი შვილი, ეს აფხაზი ქალი მოდიოდა ჩემთან და ტიროდა, რომ უფროსი შვილი კარგიაო და უმცროსი, მე სახელიც კი მახსოვს ნორი ერქვა, ეს ნარკოტიკებით არის გატაცებულიო. როგორი იქნება მშობელი, როცა შვილს აქვს ოჯახიდან ნივთები და ყიდის ამ ნივთებს იმისათვის, რომ შეიძინოს ნარკოტიკები. ეს ქალბატონი, ასეთი პატივცემული, იმცირებდა თავს და მიდიოდა ნაცნობებთან და სთხოვდა იმათ ნარკოტიკებს ან ფულს, რომ მიეცა თავის შვილისთვის და მე მეუბნებოდა, რომ ჩემი უფროსი შვილი მიჯავრდება, რატომ აძლევ ნარკოტიკებსო. მე ვიცი, რას ნიშნავს ნარკომანია, რომ არ მივცე ნარკოტიკები, შეიძლება უბედურება ჩაიდინოსო. შემდეგ მოვიდა ჩემთან ეს ქალბატონი და მითხრა, რომ არსებობს ასეთი სამკურნალო ცხინვალში და იქ უნდა წავიყვანოო. საშინელი წამება იყო იქ, საწოლზე დაბმული იყო ავადმყოფი და თანდათან აკლებდნენ ნარკოტიკებს. მე ეს მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ ძნელი ასატანია ოჯახში ადამიანი, რომელიც ხმარობს ნარკოტიკებს, მაგრამ ნარკოტიკები, ნარკომანია იკურნება. იკურნება და ეს იმედი არ უნდა დავკარგოთ ჩვენ, ან იმ ავადმყოფმა არ უნდა დაკარგოს იმედი. ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ, ვაჩვენოთ სიყვარული ამ დაჩაგრულ ახალგაზრდებს და ვთხოვოთ უფალს, რომ უფალმა განკურნოს ისინი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქი იმედოვნებს, რომ ამ სენის წინააღმდეგ ყველა გაერთიანდება.

„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ ამას. ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. აი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეკლესია, ხალხი, ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს დაავადებული ხალხი.

ღმერთმა მოგცეთ მადლი. ღმერთმა მისცეს მადლი საქართველოს და ყოველ ადამიანს, რომელიც შეპყრობილია ამ სენით. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გავიმარჯვოთ ჩვენს თავზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ უნდა ვიფიქროთ თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი ვიდრე ხელისუფლებას. იმათ არანაკლებად უყვარს და არანაკლებად სტკივა გული. იმედია, რომ ჩვენ დავძლევთ ამ სენს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ჩვენთან არს ღმერთი. იქნება პარაკლისი, რათა უფალმა მოგვცეს მადლი და ძალა ამ სენის დაძლევაში“- აღნიშნა პატრიარქმა.

დატოვე კომენტარი