ილია მეორე - ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია, ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას
ილია მეორე - ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია, ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას

მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვაარ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში არის აღნიშნული.

„ინებოს ღმერთმა, სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.

არ შემიძლია ,მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ.

ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემამულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ“, – აღნიშნულია ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.