ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ძველ წელთან ერთად

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

„ყველას მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ ახალ წელს.

წმინდა მეფე, დავით წინასწარმეტყველი ამბობს: მაუწყე მე უფალო გზა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ამ გზას უნდა დაადგეს ყოველი ადამიანი.

ძალიან ხშირად, ადამიანი ეცემა, ცოდვას აკეთებს, მაგრამ ცოდვასთან ერთად დგას სინანული, აღსარება. აღსარება წმენდს, კურნავს ადამიანს.

დიდება მაღალთა შინა ღმერთო, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ყოველმა ადამიანმა დიდება შესწიროს უფალს, რომ მშვიდობა დაიმკვიდროს. ადამიანი ეცემა, მაგრამ ღმერთი აძლევს ძალას, მადლს, ისევ დგება და ისევ აგრძელებს თავის ცხოვრების გზას. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა მიაღწიოს სასუფეველსა.

კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ცუდი წავიდეს ამ ძველ წელთან ერთად. სიახლე, სიმშვიდე, მოთმინება, სიხარული, სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – აცხადებს ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.