ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას
ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას

ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა ილია მეორემ აღავლინა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, შენდობის დღე. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი, მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს – უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვაი ძმისა ჩემისა“, – განაცხადა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, საკუთარი ცოდვების განცდა და სხვის განკითხვაზე უარის თქმა ყველაზე იოლი გზაა, რომელიც ადამიანს სასუფევლამდე მიიყვანს.

„ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი. არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან, მოძღვარი ეკითხება, რა შეცოდება ჩაუდენია. იმდენად დახშულია მათი გონება, რომ მე არავითარი ცოდვა არ მაქვსო. მოძღვარი ეუბნება: მე მოძღვარი ვარ და მეც კი მაქვს ცოდვა. შენ შეიძლება გქონდესო, მე არ მაქვსო. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშულია, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას“, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, დღეს ეკლესია იხსენებს ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნას, თუმცა მისივე თქმით, ღმერთი მოწყალეა და კაცობრიობას შეიწყალებს.

ილია მეორემ დღესვე სკოლის მანდატურები და იარალიშვილების გვარი დალოცა.

„დღეს ჩვენ ვლოცავთ მანდატურებს, რომლებიც წესრიგს იცავენ სკოლებში ჩვენს შვილებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეიწიროს თქვენი შრომა“, – განაცხადა ილია მეორემ.

მიტევების კვირა ყველიერის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. დიდმარხვის დაწყებამდე ბერები ერთმანეთისაგან შენდობას ითხოვდნენ და მარხვის მარტოობაში გასატარებლად უდაბნოში გადიოდნენ. იგალობებოდა აღდგომის საგალობლები, რადგან არ იცოდნენ, დაუბრუნდებოდნენ თუ არა მონასტრებს მშვიდობით აღდგომისთვის. სააღდგომო საგალობლები დღესაც ყველა ტაძარში შესრულდება.

ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.