ილია მეორე - ჩვენ ხშირად ვიღებთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ, ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა
ილია მეორე - ჩვენ ხშირად ვიღებთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ, ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა

ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

პატრიარქმა ღვთის მიმართ მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობაზე იქადაგა.

„დღეს წაკითხული სახარება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი მადლიერი უნდა იყოს ყოველთვის, არ უნდა დაავიწყდეს მადლიერება ღვთისა, მადლობა ღვთისა. ჩვენ ჩვენს ლოცვაში მხოლოდ ვთქვით, მომეცი უფალო, მილხინე უფალო. ყოველ გაჭირვების ჟამს ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას.

დღევანდელი სახარება მიგვითითებს იმის შესახებ, რომ მაცხოვარს შეეგებნენ ათნი კეთროვანნი, ავადმყოფები – იესო, მოძღვარ, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი და მაცხოვარი ეუბნება, წადით და ეჩვენეთ მოძღვარს. ეს წესი იყო, მოძღვარი თუ დაადასტურებდა იმას, ის მორჩენილია, ის თავისუფალი იყო იმ ავადმყოფობისგან, როცა წავიდა მოძღვართან გზაში განიწმინდნენ.

ერთი მათგანი დაბრუნდა მაცხოვართან, დავარდა მუხლზე და მადლობა შესწირა უფალს. უფალი ეუბნება, ათივე ხომ განიკურნეთ, ცხრა სადღა არიანო?! ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ამას, ჩვენ ვღებულობთ დახმარებას უფლისგან და მადლობას არ ვწირავთ უფალს. მაცხოვარი ეუბნება, სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ. ღმერთმა ინებოს, ჩვენც გვითხრას სარწმუნოებამან შენმა გაცხოვნოს შენ“,- აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორეს თქმით, 23 დეკემბერს საქართველოს-კათალიკოს პატრიარქად აირჩიეს და როგორც პატრიარქმა განაცხადა, ის მადლობელია მრევლის, რომელთა დახმარებითაც, როგორც ილია მეორე ამბობს, მან შეძლო იმ მძიმე ჯვარის ტარება, რაც უფალმა დააკისრა.

„დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ეკლესიის სახელით, ერის სახლით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე, 23 დეკემბერს შედგა წმინდა სინოდის კრება და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლის, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს ის აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი.

დიდება და მადლობა უფალს, და მადლობელი ვარ თქვენი, ჩემი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება და შემწეობა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ზიდვას. დიდება და მადლობა უფალს“,- ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.