ილია მეორე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა
ილია მეორე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი კონგრესმენი დევიდ პრაისი, კონგრესმენი ვერნ ბუქანანი და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები მიიღო.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განხილული იყო საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ პრაისმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერას. დევიდ პრაისმა ილია მეორეს მიღებისათვის მადლობა გადაიხადა.

შეხვედრის დასასრულს, მისმა უწმინდესობამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.