ილია მეორე - აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას
ილია მეორე - აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას ეხმაურება.

„დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახან დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას“, – წერს ილია მეორე მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.