ილია მეორე - თქვენი ლოცვები მჭირდება, თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარეთ
ილია მეორე - თქვენი ლოცვები მჭირდება, თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარეთ

ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი პერიოდი, ისეთი დღეები, როცა უფალი ახლოს არის, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფლის სიახლოვეს და ეს სიახლოვე ასაზრდოებს, ანუგეშებს მას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანმა რთულ დროს უფალს უნდა სთხოვოს, რომ მასთან ახლოს იყოს.

„დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლის. დღეს მე მინდა გითხრათ ჩემი განსაცდელის შესახებ, რომელიც გამოვიარე. სასულიერო აკადემიის შემდეგ, მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა, რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისთვის და საოცარი რამ მოხდა, სახარების დროს მადლი გადმოვიდა, რაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როცა მე თითქოს გამოვითიშე წირვა-ლოცვიდან და ვერავის ვერ ვხედავდი, დედებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ უფალთან სიახლოვეს ვგრძნობდი.

წირვათავიდან ბოლომდე სწორად ჩატარდა, მაგრამ ეს სიახლოვე იმდენად ტკბილი იყო, იმდენად სულიერი ტკივილი იყო, რომ როცა წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი და შემოიტანა მდუმარება ბარძიმში ჩასაშვები, იმ დროს გამოვედი მე იმ მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ მე არ შემეძლო, არც ლაპარაკი, არც საჭმლის მიღება, მთელი სხეული განიცდიდა აი, ამ მდგომარეობას.

შეიძლება თქვენ ეს გაქვთ ეს, შეიძლება ეს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ იყო, ეს არის მოვლენა იმისთვის, რომ სულიერად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ.

გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა, დიდება უფალს, თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარეთ. დაე, ჩვენ ვმადლობდეთ უფალს, ახლა მე ვაკურთხებ საჭმელსა და სასმელს, რომ თქვენ მიიღოთ ეს, მომიხსენიოთ თქვენ წმინდა ლოცვებში“, – აღნიშნა პატრიარქმა.