ილია ინჯია - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ეს კომუნიკაცია წინ წაწევს გზას, რომელიც არჩეული გვაქვს
ილია ინჯია - სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, ეს კომუნიკაცია წინ წაწევს გზას, რომელიც არჩეული გვაქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ილია ინჯიას განცხადებით, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

ინჯიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა საკითხს, მათ შორის განათლების მიმართულებით კომიტეტების უფრო აქტიურ მუშაობას.

„შეხვედრა მეგობრულ გარემოში გაიმართა. ეს კომუნიკაცია წინ წაწევს იმ გზას, რომელიც არჩეული გვაქვს. მათ გამოცდილებას გავიზიარებთ, გავითვალისწინებთ, რადგან სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. შეხვედრაზე საუბარი იყო განათლების მიმართულებაზეც. შევთანხმდით, რომ განათლების კომიტეტები უფრო აქტიურ მუშაობას გააგრძელებენ და უფრო აქტიურად განიხილავენ ამ საკითხს“, – აღნიშნა ილია ინჯიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში 10 მაისს გაემგზავრა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.