ილია ელოშვილი-მიიღებს თუ არა მერია გენერალური გეგმის დოკუმენტს, რამდენიმე დღეში გაირკვევა
ილია ელოშვილი-მიიღებს თუ არა მერია გენერალური გეგმის დოკუმენტს, რამდენიმე დღეში გაირკვევა

“გენერალური გეგმის” დოკუმენტი სრულყოფილი არ არის. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დოკუმენტთნ დაკავშირებით კითხვები ისევ რჩება.

“მიიღებს თუ არა მერია დოკუმენტს, რამდენიმე დღეში გაირკვევა. საჯარო განხილვა 26 მარტს გაიმართება. საუბარი იქნება იმაზე, რა ევალებოდა დოკუმენტის ავტორს, “სითი ინსტიტუტ საქართველოს” და რა წარმოადგინა. თუმცა დოკუმენტი ძალიან საინტერესოა და ბევრი გამოსადეგი ინფორმაციაა თავმოყრილი,” – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

მერიაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა საკუთარი შეხედულებები საბოლოოდ ჩასწორებულ გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრაზე მიწვეული სტუმრების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე მხარე არ იყო წარმოდგენილი და მათ დოკუმენტის ავტორების არგუმენტები ვერ მოისმინეს. შესაბამისად, სტუმრების ნაწილისთვის რთულია დასკვნის გაკეთება, თუ რამდენად დამაჯერებელია მერიის პოზიცია შენიშვნებთან დაკავშირებით.

განსხვავებული იყო პარტიზანი მებაღეების ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის დამოკიდებულება. მან მერიას მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისთვის და გენ-გეგმის გაცნობის შესაძლებლობისთვის.

” ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მერიის მხარეს ვარ და  დოკუმენტში არსებული შეცდომები კარგად იყო ახსნილი. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ გენერალური გემა შემოთავაზებული სახით მიღებული არ უნდა იყოს”,- აღნიშნა ნატა ფერაძემ.

ჩაიბარებს თუ არა მერია ” სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ საბოლოო სახით ჩასწორებულ დოკუმენტს, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 28 მარტს გახდება ცნობილი.