ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის იუსტიციის მინისტრთან, იუდით ვარგასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა.

საგარეო უწყების ცნობით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა იუსტიციის მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის და ამ მხრივ არსებული პროგრესის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სამართლიანად და დამსახურების მიხედვით შეფასდება და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

ილია დარჩიაშვილმა იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.