ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, აუგუშტუ სანტუშ სილვასთან შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, აუგუშტუ სანტუშ სილვასთან შეხვედრა გამართა

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, აუგუშტუ სანტუშ სილვასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი.

აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა 2022 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ლისაბონში ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობართა ჯგუფების ფუნქციონირებას.

მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.

ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს პორტუგალიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. საუბარი შეეხო ნატო-ს ვილნიუსის სამიტს და აღინიშნა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი რთული ვითარება, საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის შედეგებს როგორც რეგიონის ქვეყნების, ისე მთლიანად ევროპის კონტინენტისთვის.

ილია დარჩიაშვილმა აუგუშტუ სანტუშ სილვას მადლობა გადაუხადა პორტუგალიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.