ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება
ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დღეს იწყება.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი შეხვდება კოლეგებს სხვადასხვა ინსტიტუტიდან. ელჩის თქმით, გაიმართება შეხვედრები ევროკომისიაში.

„გამოვყოფდი შეხვედრებს გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, მართლმსაჯულების ევროკომისართან, ენერგეტიკის და საშინაო საქმეების ევროკომისრებთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ჯოზეფ ბორელთან, შეხვედრები გაიმართება ასევე ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ვიზიტია და დარწმუნებული ვარ, დატვირთული იქნება შინაარსით.

ვიზიტის ფარგლებში ევროპელ კოლეგებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა 12 პრიორიტეტის შესრულება, მაგრამ ასევე ვისაუბრებთ იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საუბარი მაქვს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებულ თემებზე. მოგეხსენებათ, რომ ევროკომისია რამდენიმე თვეში მოამზადებს შუალედურ ანგარიშს, ზეპირსიტყვიერ ანგარიშს და სწორედ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში, რომ მივაწოდოთ ევროპელ კოლეგებს, როგორ მიდის ეს პროცესი, როგორ მიდის იმპლემენტაციის პროცესი. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოქტომბერში, როდესაც ევროკომისია წერილობით დასკვნით ანგარიშს დადებს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. მიმდინარე ეტაპზე, რა თქმა უნდა, რთულია იმის თქმა, თუ რა შინაარსის იქნება ევროკომისიის ოქტომბრის ანგარიში. ჩვენ უკვე დავიწყეთ ევროკომისიისთვის იმ მასალის მომზადება, რომელსაც ევროკომისიას მივაწვდით შესაბამისი ანგარიშის მომზადებისათვის.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა და თუ ამ ანგარიშით ვიხელმძღვანელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ევროკომისია პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და იმ ცვლილებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს მთელი რიგი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, წლის ბოლოს შეფასდება საქართველო ბევრი მიმართულებით, როგორც სექტორალური იმპლემენტაციის კუთხით, ასევე იმ რეფორმების მიმართულებებითაც, რომელიც დაკავშირებულია მართლმსაჯულებასთან, დემოკრატიული რეფორმების კუთხითაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ, რა თქმა უნდა, ამ პერიოდისთვის ჩვენ გვქონდეს ხელშესახები რეფორმები გატარებული, რათა ევროკომისიამ პოზიტიური დასკვნა, პოზიტიური რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს ჩვენთვის წლის ბოლოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.