ილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტლეუბერდს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას განხილული იქნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც მოიცავს აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის  სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური დერეფნის ფუნქციონირების ეფექტურობისა და გამტარიანობის გაზრდის საკითხებს.

კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა, მათ შორის საერთაშორისო სტრუქტურებში კანდიდატურების მხარდაჭერის მიმართულებით.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის ეფექტურობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება 2022 წლის ბოლოს საქართველოში.

შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა ხაზი ასევე გაუსვეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს.