ილია დარჩიაშვილი - ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, კითხვარის ეს  ნაწილი ევროკავშირს დადგენილ ვადაზე ადრე გადაეცემა
ილია დარჩიაშვილი - ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, კითხვარის ეს  ნაწილი ევროკავშირს დადგენილ ვადაზე ადრე გადაეცემა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირს კითხვარის მეორე ნაწილს საქართველო ვადაზე ადრე გადასცემს.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის პროცესი წარმატებით დაგვირგვინდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსისაა. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.