ილია დარჩიაშვილი - ვაფასებთ ჩეხეთის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს
ილია დარჩიაშვილი - ვაფასებთ ჩეხეთის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს

ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს, გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის წვლილს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ განაცხადის წარდგენით, პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ორმხრივი ვიზიტით ჩამოვედი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი ახლო მეგობარი. მჯერა, სიმბოლურია, რომ სტრასბურგის, ბრიუსელისა და ლუქსემბურგის შემდეგ ჩამოვედი ჩეხეთში მაშინ, როდესაც თქვენი ქვეყანა ემზადება ივნისში ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ პროცესში, რაც გამოიხატება ევროკავშირში წევრობის შესახებ ჩვენი განაცხადის წარდგენით. თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საბჭომ სწრაფად გადასცა სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადი ევროკომისიას შეფასების მოსამზადებლად, რის შემდეგაც ევროკომისიამ უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოამზადა და გადმოგვცა კითხვარები, არის ჩვენი არჩევანისადმი ძლიერი მხარდაჭერის ნიშანი. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა არის რთული და გრძელი. ამავე დროს, ჩვენი სიმტკიცე ძლიერია და ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ეს გზა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ჩეხ კოლეგას საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებაც ესაუბრა და იმ რეფორმებზეც, რომელიც კვლავ რჩება აქტიური ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სფეროში.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის რესპუბლიკის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს. მოუთმენლად ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობას ჩეხეთის რესპუბლიკასთან ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობის განმავლობაში. ჩემს ჩეხ კოლეგას გავუზიარე საქართველოს პროგრესის შესახებ, ასევე რეფორმების გზაზე, რომელიც რჩება აქტიური, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სფეროში. ასევე, დავადასტურე ჩვენი მიზანი ევროკავშირის ერთიან ბაზარში მაქსიმალურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამასთან, მსურს ხაზი გავუსვა ჩეხეთის განვითარების და თანამშრომლობის პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ამბიციურ რეფორმებს და ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მის წვლილს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.