ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის კომუნიკაციის აქტიური დინამიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული გამოწვევების, ასევე საქართველოს მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

„ამ მხრივ უნგრულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრაქტიკული თვალსაზრისით. უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციული მიზნის განხორციელების გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოს უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.