ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს
ილია დარჩიაშვილი - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს.

მინისტრის თქმით, შეთანხმების განხორციელების პროცესში სხვადასხვა სამინისტრო ჩაერთვება,  რაც ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.

პრინც ფაისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, აღნიშნული საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.

„ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს პოზიტიურ ურთიერთობაში. არსებობს რეალური შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და აქტიურ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნა ფაისალ ბინ ფარჰანმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, მან უკვე მოიწვია კოლეგა საქართველოში და იგეგმება, რომ სწორედ საქართველოში გაიმართოს მთავრობათაშორისი კომისიის პირველი საინაუგურაციო შეხვედრა, ამის შემდგომ კი ყოველწლიური შეხვედრები მონაცვლეობით საუდის არაბეთსა და საქართველოში ჩატარდება.

„ეს გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას, რათა ურთიერთობათა დინამიკა უფრო დიდი ინსტენსივობით გაკონტროლდეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმება ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.