ილია დარჩიაშვილი - საქართველოს თემატიკა აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს თემატიკა აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია

საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებაში. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტურია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავი ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანის ფონზე აღინიშნა. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, დარჩიაშვილის თქმით, მოწმობს აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლების არაერთი მნიშვნელოვანი ვიზიტი, რაც საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა და ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, შავი ზღვის რეგიონში ამერიკის ადმინისტრაციის უწყვეტ ჩართულობას.

თავის გამოსვლაში მინისტრი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკას მიესალმა და განსაკუთრებული ყურადღება საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მხარდაჭერის განმტკიცებაზე გაამახვილა. მისი თქმით, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ორპარტიული კანონპროექტი „საქართველოს მხარდამჭერის აქტი“, ასევე აშშ-ის ბიუჯეტში სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი და აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს თემატიკა ამერიკის შეერთებული შტატების როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში მუდმივად აქტუალურია.

ილია დარჩიაშვილმა შავი ზღვის რეგიონის განვითარების, უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და სამხედრო გაძლიერების მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, და მათ შორის, საქართველო, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.

„საქართველოსა და აშშ-ის საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სურვილია, ვიხილოთ აშშ-ის მეტი ჩართულობა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – აღნიშნა მინისტრმა.

დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და საიმედო მოკავშირედ რჩება. თვალსაჩინო და მკაფიოა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული და ფინანსური დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ასევე სხვა საკვანძო სფეროებში.

„ჩვენი მიზანია საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.