ილია დარჩიაშვილი - საგარეო უწყება განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას
ილია დარჩიაშვილი - საგარეო უწყება განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებისკენ, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ისე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის კუთხით.

ამ კონტექსტში ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ გავაგრძელებთ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან და აშშ-თან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობას მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მიზნით გზების გამონახვისა და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ საგარეო უწყების ძალისხმევის შედეგია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში 51 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“  და გაერო-ს გენასამბლეაზე 61 ქვეყნის მიერ ინიცირებული და 100 სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია საერთაშორისო არენაზე, ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფა.