ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის რეფორმების განხორციელებით
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის რეფორმების განხორციელებით

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

დარჩიაშვილის თქმით, უნგრეთის საგარეო მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი.

„მნიშვნელოვანია, რომ მისი ვიზიტი თანხვედრაშია საქართველოსთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას, კერძოდ ევროპული საბჭოს მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი ფაქტია, რითიც საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს გახლავთ წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის, ასევე იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა და ინტეგრაციის მაღალი დონის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური, ისტორიული არჩევანის აღიარება და დასტური, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია.

აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით. სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, უნგრელი კოლეგის სტუმრობა სიმბოლურია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

„უნგრეთი საქართველოს გამორჩეული პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობები და აქვე, მსურს, ჩემს კოლეგას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ხმამაღალი და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

საქართველო-უნგრეთის ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული და მდიდარია. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის სფერო, სადაც არსებობს პოტენციალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების. მათ შორის მიმოვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში არსებული დინამიკა. შევეხეთ საქართველოს მოქალაქეთა უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობებს. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. მინდა, აღვნიშნო, რომ მინისტრი ამ მიმართებით ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარდამჭერია.

საქართველომ მიაღწია ხელშესახებ პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განახორციელა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ფაქტობრივად, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი. უნგრელ კოლეგასთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოს შესახებ, რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას საქართველო. როგორც იცით, საქართველომ 2008 წელს თავად გამოსცადა რუსეთის სამხედრო აგრესია და დღემდე ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანს უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი გარემოს მოცემულობაში. აქვე, მინდა, აღვნიშნო უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მადლიერება გამოვხატო იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც უნგრეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.

მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციითა და თანმიმდევრული მიდგომით შევძლებთ შევაჩეროთ რუსეთის მიერ ევროპაში სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობები და უზრუნველვყოთ მშვიდობა. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ამ მიმართებით, კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია სამშვიდობო პროცესში ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მინისტრმა.

პრესკონფერენციის დასასრულს, დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა კმაყოფილება და მადლობას გადაუხადა მინისტრს ვიზიტისთვის.