ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით პროგრესი არ შეუწყვეტია, რეფორმები, საკანონმდებლო აქტივობები არის შემდგომი დაახლოების გზა, პრემიერი ბრიუსელში ამის შესახებ ისაუბრებს
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით პროგრესი არ შეუწყვეტია, რეფორმები, საკანონმდებლო აქტივობები არის შემდგომი დაახლოების გზა, პრემიერი ბრიუსელში ამის შესახებ ისაუბრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ისაუბრებს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ევროკავშირთან შესაბამისობის კუთხით საკანონმდებლო აქტივობებზე.

„საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი არ შეუწყვეტია. პროგრესი მომდინარეობს ჩვენი ყოველდღიური რეფორმების განხორციელებით და სხვადასხვა მიმართულებით თანმიმდევრული მიდგომით. ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, გვქონდა ძალიან დინამიკური საკანონმდებლო აქტივობები. საქართველოს პარლამენტმა უამრავი კანონი შეიმუშავა, უამრავ კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლებსაც შესაბამისობაში მოჰყავს ჩვენი ინსტიტუციური და სამართლებრივი თავსებადობა ევროკავშირთან. ეს პროცესი გრძელდება. რეფორმები არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს მოითხოვს დროს, ძალისხმევას. ჩვენს ხელისუფლებას აქვს ცალსახა დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა აღებული და არაერთხელ გვითქვამს, რომ სწორედ ეს რეფორმები, თანმიმდევრული საკანონმდებლო აქტივობები არის გზა შემდგომი დაახლოების, ჩვენი შემდგომი პროგრესის და ინტეგრაციის. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება საუბარი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, პოლიტიკური განზომილების გარდა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება სექტორული თანამშრომლობა.

„რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, ერთია ჩვენი პოლიტიკური აფილირება და ასოციაცია ევროპულ ოჯახთან, ევროკავშირთან, მეორეა უკვე პრაქტიკულ განზომილებაში ჩვენი ინტეგრაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სარგებელი, რასაც ჰქვია ევროპული ინტეგრაცია. სექტორული თანამშრომლობა სწორედ ამას ნიშნავს. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში ასევე ბრძანდება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, რომელიც, რა თქმა უნდა, თავის ნაწილშიც ისაუბრებს პერსპექტივებზე, მომავალში გვექნება სექტორული თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით და ბევრი განზომილებით. პოლიტიკური განზომილების გარდა, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი ხვალისთვის, რათა ჩვენ უფრო მეტი კომპონენტისა და მეტი შესაძლებლობის იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რათა საქართველომ უკვე პრაქტიკულ დონეზე გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. ასევე, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში.