ილია დარჩიაშვილი - საქართველომ პირნათლად შეასრულა ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში, დროულად და ეფექტურად მოვახდინეთ დოკუმენტის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა
ილია დარჩიაშვილი - საქართველომ პირნათლად შეასრულა ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში, დროულად და ეფექტურად მოვახდინეთ დოკუმენტის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა

მსურს, მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველომ ძალიან პირნათლად შეასრულა ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში, ჩვენ ძალიან დროულად და ეფექტურად მოვახდინეთ დოკუმენტის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის დასკვნის მოლოდინში, რომელსაც თავდაპირველად ევროკომისია მოამზადებს და შემდგომ გადაეგზავნება საბჭოს საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

„გვინდა, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი მთავრობის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გაწეული სამუშაოების შესახებ, რომელიც თანხვედრაშია ჩვენ მიერ გაკეთებულ წევრობის განაცხადთან დაკავშირებით შევსებულ კითხვართან მიმართებაში. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ის თავად არის ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში. მას აქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია კოლეგებთან როგორც სატელეფონო საუბრების ფორმატში, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებსა და ფორმატებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან აქტიურად ხვდება ორმხრივ ფორმატებში მის კოლეგებს.

ამასთან, მინდა გაცნობოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ ყველა იმ მნიშვნელოვანი, განხორციელებული რეფორმების შესახებ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაატარა და რომლის გატარებასაც გეგმავს. ძალიან მნიშვნელოვანია და საყურადღებო, რომ საქართველომ ევროკავშირთან შეათანხმა ასოცირების დღის წესრიგი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჩვენი სახელმძღვანელო მომავალი წლების განმავლობაში, რა ტიპის რეფორმები რა დინამიკით უნდა განვახორციელოთ. ამ დოკუმენტში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ სრულად არის ასახული ყველა ის ვალდებულება, გასატარებელი რეფორმების თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს მთავრობამ აიღო და ეს დოკუმენტი იქნება ერთ-ერთი მთავარი, რომლის მიხედვითაც, ვიხელმძღვანელებთ ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის პროცესში.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში მე თავად მქონდა 20-მდე შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ იმ მოლოდინებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენ მიერ შესრულებული ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებიდან გამომდინარე. მსურს, მოსახლეობას ვუთხრა, რომ საქართველომ ძალიან პირნათლად შეასრულა ის ვალდებულებები, მათ შორის კითხვართან მიმართებაში, ჩვენ ძალიან დროულად და ეფექტურად მოვახდინეთ ამ დოკუმენტის მომზადება და ევროკავშირისთვის გადაცემა. ჩვენ ვართ დასკვნის მოლოდინში, რომელსაც ევროკომისია მოამზადებს და შემდგომ საბჭოს გადაეგზავნება საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.