ილია დარჩიაშვილი - რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრედ რჩება, რაც ეყრდნობა დეოკუპაციას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას
ილია დარჩიაშვილი - რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრედ რჩება, რაც ეყრდნობა დეოკუპაციას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას

რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველოს ეს რეგიონები დაუცველობის მუდმივ წყაროდ რჩება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას.

„თითქმის 15 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, საქართველოს ეს რეგიონები რჩება დაუცველობის მუდმივ წყაროდ. საქართველო კვლავ ერთგულია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა, რაც, ერთი მხრივ, ეყრდნობა საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციას, ხოლო მეორე მხრივ, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების შერიგებასა და ნდობის აღდგენას“, – განაცხადა დარჩაშვილმა.

ამასთან, უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს „მშვიდობის ფორმულის“ ინიციატივას, სრულად უერთდება საერთაშორისო ორგანიზაციებს და დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ამ მძიმე დროს.