ილია დარჩიაშვილი - პოლონეთში ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა, რაც გულისხმობდა შესაბამისი რესურსების მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად
ილია დარჩიაშვილი - პოლონეთში ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა, რაც გულისხმობდა შესაბამისი რესურსების მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან შედეგიანი და მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა. ამის შესახებ მან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, პოლონეთში კონკრეტული მიზნით იყვნენ ჩასული, რაც გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და შესაბამისი რესურსების მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად.

„ამ მიმართულებით ძალიან შედეგიანი და ძალიან კონკრეტული ვიზიტი ჰქონდა საქართველოს პრემიერს. სწორედ ამ საკითხებზე იყო კონცენტრირებული მთლიანი ვიზიტი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, დარჩიაშვილს ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს, პრემიერ-მინისტრის პოლონეთში ვიზიტისას ევროპის მხრიდან იყო თუ არა მოთხოვნა ხელისუფლების მისამართით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით, დარჩიაშვილმა განაცხადა:

„ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან ძალიან ინტენსიურად ვსაუბრობთ და მათ იციან საქართველოს პოზიცია, მიდგომები ამ საკითხზე. შესაბამისად, ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.