ილია დარჩიაშვილი - ორმხრივ ფორმატებში პარტნიორები ღიად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში
ილია დარჩიაშვილი - ორმხრივ ფორმატებში პარტნიორები ღიად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მხარს დაუჭერენ ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა, ისაუბროს საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მისივე თქმით, შეხვედრებზე კოლეგებთან საუბრობს მოლოდინის შესახებ, რაც ევროინტეგრაციის მიმართულებით აქვს. ამასთან, როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში ღიად, თავისუფლად საუბრობენ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე.

„როგორც იცით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა. სწორედ ამ საბჭოს სხდომის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც მაქვს შესაძლებლობა, ჩემს კოლეგებთან ვისაუბრო იმ მოლოდინებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, ვისაუბრო საქართველოს ევროპულ მომავალზე. როგორც იცით, საქართველომ სულ ახლახან დაასრულა და ვადაზე ადრე ჩააბარა ევროკავშირს კითხვარის ორივე ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამ შეხვედრებზე ჩემს კოლეგებთან ვსაუბრობ იმ მოლოდინებზე, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, შეხვედრებს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი იმპულსი ამ პროცესში, რათა ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს მისამართით. მინდა, აღვნიშნო, რომ სულ ახლახან შევხვდი საფრანგეთის საგარეო საქმეთ მინისტრს, საერთო განწყობები ჩვენი ქვეყნის მიმართ არის პოზიტიური. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში ღიად და თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე. ეს ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან აქტიურად დაუჭერენ მხარს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.