ილია დარჩიაშვილი - ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა
ილია დარჩიაშვილი - ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა

ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველო საკმაოდ წარმატებით ახორციელებს ამ პროცესში მიუკერძოებელი მოთამაშის როლის განხორციელებას.

„ჩვენს ორ მეგობარ და მოძმე ერთან ერთად, ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველვყოთ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. ზოგადად, საქართველო ყოველთვის, წლების განმავლობაში ცდილობდა, ეს ბუნებრივი როლი ეკისრა ამ პროცესში, თუმცა ძალიან რთული, კომპლექსური კონფლიქტი იყო და სწორედ პრემიერ-მინისტრის განსაკუთრებული ძალისხმევით, ორი ქვეყნის ლიდერებთან მისი პირადი ურთიერთობებით მივიღეთ კონკრეტული შედეგი, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შეთანხმების“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ღიად დაიწყეს საუბარი მშვიდობის აუცილებლობაზე, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე და მათი ნარატივი მთლიანად მშვიდობაზეა ფოკუსირებული.

„ეს ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას და ასევე, აზერბაიჯანის პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით, ამ შესაძლებლობით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სატრანზიტო თვალსაზრისით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანაბარ პირობებში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ამ განცხადებით ილია დარჩიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეუშლის თუ არა ხელს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში საქართველოს, როგორც მედიატორის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანულ და შემდგომში ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით მოხდა სომხეთისთვის საფრანგეთიდან ჯავშანტექნიკის მიწოდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს ქვეყანა რეგიონული ურთიერთობების განვითარებას და რა ფორმატები შეიძლება, წარმოიდგინოს საქართველომ თუნდაც სამმხრივი ან უფრო მეტად გაფართოებული ურთიერთობებისთვის, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს, ქვეყანა ამ ფორმატში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში მიიღებს მონაწილეობა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორმხრივ ფორმატებში აქვს ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

ილია დარჩიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა ძალიან ცალსახაა და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა სტრატეგიული დოკუმენტის განახლებას, მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ, საერთო ჯამში, საქართველოს ექნება სტრატეგია-დოკუმენტი, რომელიც ლოგიკურად ასახავს რეგიონში და რეგიონს მიღმა მიმდინარე პროცესებს.

„ეს იქნება ადეკვატური მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო იყოს თანხვედრაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან. ჩვენი თითოეული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი, ერთი მხრივ, შესაბამისობა-თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების პოზიციონირებასთან, მეორე მხრივ, შესაბამისობაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და, მესამე მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენი ხალხის ინტერესს და სურვილს, იცხოვროს მშვიდობიან, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.