ილია დარჩიაშვილი - მთავრობამ აქტიურად დაიწყო ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მუშაობა და ყველა მოტივირებული ვართ, დროულად წარვუდგინოთ ჩვენს პარტნიორებს
ილია დარჩიაშვილი - მთავრობამ აქტიურად დაიწყო ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მუშაობა და ყველა მოტივირებული ვართ, დროულად წარვუდგინოთ ჩვენს პარტნიორებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გადმოცემიდან მეორე დღესვე, საქართველოს მთავრობამ აქტიურად დაიწყო ევროკავშირის წევრობის კითხვარზე მუშაობა.

მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე წარუდგინოს შევსებული კითხვარი ევროპელ პარტნიორებს.

„ლუქსემბურგში როგორც ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობა, ყველა ჩართული უწყება მეორე დღიდანვე დაიწყებდა ამ კითხვარზე მუშაობის პროცესს, ზუსტად მეორე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ შესაბამის უწყებებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მოხდა აღნიშნული კითხვარის გაზიარება ჩვენი კოლეგა უწყებებისადმი და საქართველოს მთავრობამ აქტიურად დაიწყო აღნიშნულ კითხვარზე მუშაობა.

რაც შეეხება თარიღებს, როგორც ვთქვი, ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ საქართველომ რაც შეიძლება მალე წარუდგინოს კითხვარი ევროპელ პარნტიორებს. ყველა მოტივირებული ვართ, რომ კითხვარი დროულად შევავსოთ და წარვუდგინოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ დოკუმენტზე მუშაობის დასრულება და გაზიარება ჩვენი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.