ილია დარჩიაშვილი - მთავრობა პარალელურ რეჟიმში განიხილავს ნებისმიერ პლატფორმას თუ ფორმატს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია
ილია დარჩიაშვილი - მთავრობა პარალელურ რეჟიმში განიხილავს ნებისმიერ პლატფორმას თუ ფორმატს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც მისი განცხადებიდან იყო მოწოდებული. ამაზე მეტი დეტალი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ჩვენი საუბრიდან ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს არ განიხილავს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო განიხილავს ნებისმიერ შესაძლებლობას, პლატფორმას, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დაჩქარდეს ევროინტეგრაცია.

როგორც ილია დარჩიაშვილი ამბობს, ასეთი სახის პლატფორმა თუ ფორმატი უნდა იყოს ხელშემწყობი იმის, რასაც საქართველო ევროინტეგრაციის ხაზით  ყოველდღიურად აკეთებს.

„ჩვენ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ვიცით, როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას თუ ფორმატს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას აუცილებლად პარალელურ რეჟიმში განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელის შემწყობი იმის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ევროინტეგრაციის ხაზით ვახორციელებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 9 მაისს ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან.