ილია დარჩიაშვილი - მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კითხვარის მომზადებაზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ევროპელი პარტნიორებისთვის დაბრუნება 
ილია დარჩიაშვილი - მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კითხვარის მომზადებაზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ევროპელი პარტნიორებისთვის დაბრუნება 

საქართველოს მთავრობა და ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის კითხვარის მომზადებაზე, რათა რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ევროპელი პარტნიორებისთვის დაბრუნება , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, კომისია ასრულებს მთავარ მაკოორდინებელ ფუნქციას ამ პროცესში.

„როგორც ცნობილია, საქართველომ 11 აპრილს ბრიუსელიდან მიიღო კონკრეტული კითხვარი, რომელიც ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგი ნაბიჯია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო პროცესი, კოორდინაცია, არაერთი შეხვედრა გაიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად. ჩვენს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გადაეცათ აღნიშნული კითხვარი და საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნული კითხვარის მომზადების საქმეში, რათა ჩვენ დროულად, რაც შეიძლება სწრაფად მოვახდინოთ დოკუმენტის მომზადება და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის რაც შეიძლება მალე დაბრუნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო კითხვართან დაკავშირებით სხვადასხვა მეგობარ ქვეყანასთან, რომლებმაც აღნიშნული პროცესი თავად გაიარეს, კონსულტაციებს გადის, რათა მათგან ცოდნა და გამოცდილება მიიღოს.

„ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან აქტიურ კოორდინაციას ამ კუთხით. სულ რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი ჩეხეთიდან, სადაც ორმხრივი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან. რა თქმა უნდა, მათთანაც ვისაუბრეთ ამ შესაძლებლობის მიმართულებით. ვაგრძელებთ სხვადასხვა მეგობარ ქვეყანასთან კონსულტაციებს, რათა მათი ცოდნა და გამოცდილება, რადგან მათ თავად გაიარეს ეს მნიშვნელოვანი პროცესი, მივიღოთ და გვქონდეს მათი მხარდაჭერა აღნიშნული კითხვარის შევსების პროცესში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი 11 აპრილს ბრიუსელში გადასცა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა. 3 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.