ილია დარჩიაშვილი - მისასალმებელია ნებისმიერი სივრცე, რომელიც საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება, ამის დასტურია, რომ პრემიერი უკვე მეორედ მონაწილეობს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში
ილია დარჩიაშვილი - მისასალმებელია ნებისმიერი სივრცე, რომელიც საქართველოს ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება, ამის დასტურია, რომ პრემიერი უკვე მეორედ მონაწილეობს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში

ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ახალი სივრცე, პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითიც მოლდოვის დედაქალაქში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა შეაფასა.

მისივე თქმით, სამიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ისაუბრონ როგორც ქვეყნის გამოწვევებზე, ისე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

„ევროპული პოლიტიკური გაერთიანება ახლად შექმნილი პლატფორმაა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და ევროკავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ეს არის უკვე მეორე სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ახალი სივრცე, პლატფორმა, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაეხმარება. სწორედ ამის დასტურია, რომ საქართველოს პრემიერი-მინისტრი უკვე მეორედ მონაწილეობს ამ ფორმატში. ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ვისაუბროთ, ერთი მხრივ, ჩვენს გამოწვევებზე და, მეორე მხრივ, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, იმ საჭიროებებზე, რომლებიც ქვეყანას უდგას ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, დღეს ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმ ქვეყნების ევროპულ ინტეგრაციასა და მომავალზე, რომლებიც იღვწიან და რომელთა საგარეო პოლიტიკაშიც ევროპული ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.