ილია დარჩიაშვილი - მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში
ილია დარჩიაშვილი - მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეიძლება, ჰქონდეს. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ევროკომისრისგან მოისმინა ხედვები, რაც ქართულ მხარეს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის შევსებისას დაეხმარება.

„ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ამ გზაზე. მადლიერი ვარ მისი, რადგან მასთან ძალიან ღია და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მოვისმინეთ მისი ხედვები, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ჰქვია კითხვარის შევსება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში.

რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ, ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.