ილია დარჩიაშვილი - ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი გამორჩეულ ვიზიტად შეაფასა, რაც მეტყველებს, რომ სამუშაო რეჟიმი იყო შედეგზე ორიენტირებული
ილია დარჩიაშვილი - ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი გამორჩეულ ვიზიტად შეაფასა, რაც მეტყველებს, რომ სამუშაო რეჟიმი იყო შედეგზე ორიენტირებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი ძალიან წარმატებული, გამორჩეული იყო, რომლის ფარგლებშიც საქმიანი შეხვედრები შედგა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ვიზიტს აუცილებლად ექნება ძლიერი იმპულსები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა ბრიუსელში, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში. გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო, რომელიც არის მთავარი პლატფორმა ორმხრივი ურთიერთობების. პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა დელეგაციას და საბჭოსაც. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჯოზეფ ბორელმა ეს ვიზიტი ძალიან წარმატებულად და გამორჩეულ ვიზიტად შეაფასა. ესეც მეტყველებს, რომ განწყობა, სამუშაო რეჟიმი იყო შედეგზე ორიენტირებული, რომელმაც კონკრეტული იმპულსები უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, უნდა გააძლიეროს ევროპული ინტეგრაცია.

წინ გვაქვს რთული და კომპლექსური პროცესი – მოლაპარაკებების გახსნა. ცალსახად ვისაუბრეთ ამაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაფიქსირდა, რომ საქართველოს პრიორიტეტი არის ამ დინამიკის შენარჩუნება, ვინაიდან ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო ბევრს გააკეთებს საქართველოს მთავრობა, რათა ეს მიზანი რეალობად იქცეს. ეს არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის მთავარი საგარეო გეოპოლიტიკური მიზანი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დიდ ძალისხმევას გავწევთ, რათა შედეგი დადგეს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვია ნატო-ს შტაბბინას, სადაც გაიმართა საინტერესო ორმხრივი შეხვედრა შტაბის გენერალურ მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ასევე ნატო-საქართველოს კომისარს შორის. ეს იყო კარგი, მეგობრული, საქმიანი შეხვედრა, რომელიც მოიტანს ახალ იმპულს და ახალ ტალღას შემდგომი თანამშრომლობის კუთხით. ერთი მხრივ, ძალიან სიმბოლური, მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩაბრძანდა ბრიუსელში, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელზეც ხაზგასმით საუბრობენ ჩვენი პარტნიორები, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტი იყო უკიდურესად წარმატებული, გამორჩეული. ამ ვიზიტს აუცილებლად ექნება თავისი ძლიერი იმპულსები ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.