ილია დარჩიაშვილი - ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც ახალი და ძლიერი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას
ილია დარჩიაშვილი - ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც ახალი და ძლიერი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც ახალი და ძლიერი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, რომლის ფარგლებშიც საუბარი იქნება, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხზე.

„ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. გავმართავთ ასოცირების საბჭოს ევროკავშირთან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების. დისკუსიების ფარგლებში მუშაობას დავიწყებთ, როგორ მოხდეს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გაძლიერება და გაღრმავება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასოცირების საბჭოს გარდა, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან. ორმხრივი შეხვედრების ფორმატში საუბარი იქნება, როგორ გეგმავს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისი მთავრობა ევროინტეგრაციის პროცესს. ვფიქრობ, აუცილებელი და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რამდენიმე კომისართან და ბატონ ბორელთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ასოცირების საბჭოს ევროკომისიის მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც ახალი და ძლიერი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში. ასევე, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში. პრემიერ-მინისტრის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.