ილია დარჩიაშვილი იორდანიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი იორდანიის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა იორდანიელ კოლეგასთან და ვიცე-პრემიერთან – აიმან ალ საფადისთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და სხვადასხვა სფეროში მისი გაძლიერება-გაღრმავების გზებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და იორდანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობას, ვაჭრობისა და ტურიზმის ზრდის, ასევე ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარებას, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოებას. ხაზგასმით აღინიშნა ამ კონტექსტში მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობა და უახლოესი მომავლისთვის დაიგეგმა პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარება.

გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული, ასევე მოსალოცი ვიზიტების რაოდენობის გაზრდას და მეტ იმპულსს მისცემს ერებს შორის ცნობადობის ამაღლებასა და დაახლოებას. ამ მხრივ მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მხრიდან იორდანიასთან არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის და ის ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.