ილია დარჩიაშვილი - იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს პრიორიტეტების შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია სრულფასოვანი წევრობის გზაზე
ილია დარჩიაშვილი - იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს პრიორიტეტების შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც უმნიშვნელოვანესი ელემენტია სრულფასოვანი წევრობის გზაზე

იმედი გვაქვს, ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის შესრულების შედეგს, ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

„ევროკავშირის სტანდარტული პროცედურით, ჯერ ხდება შეფასების ანგარიშის გამოქვეყნება და შემდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში, ეს პირიქით მოხდა. კერძოდ, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური გარემოების გამო, ევროკომისიას ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მოუწია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული. აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.

ასევე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ წარმატებით სრულდება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, რომელთა დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, ნაწილი საკანონმდებლო აქტებისა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის.

იმედი გვაქვს, მიმდინარე წლის მიწურულს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს როგორც 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ არსებულ შედეგს, ასევე აღნიშნულ ანგარიშში არსებულ პროგრესს, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ელემენტს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებიც სხვადასხვა სექტორულ უწყებაში ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ და ძალ-ღონეს არ იშურებენ ქვეყნის სამსახურში.

აღნიშნულ ანგარიშში არსებული შედეგები საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სწორი, თანმიმდევრული რეფორმებისა და ევროპული პოლიტიკური კურსის შედეგია, რომელიც არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.