ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მთავარ აქცენტს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე გააკეთებს
ილია დარჩიაშვილი - გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მთავარ აქცენტს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე გააკეთებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის გამოსვლის თემა იქნება ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში.

„როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული ყველა გამოწვევებთან მიმართებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც შარშან, ერთ-ერთ მთავარ აქცენტს გააკეთებს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე. როგორც იცით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლის მთავარი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იქნება და ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს აქვს საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს.

საქართველოს დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ იორკში 18 სექტემბერს გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.