ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა
ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, ევროკომისიის ბოლო ანგარიშზე, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე.

აღინიშნა, რომ ჩატარებული სამუშაოები და ევროკომისიის შეფასება დადებით წინაპირობას ქმნის საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის ამ გზაზე. მინისტრებმა ისაუბრეს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგზე და შეთანხმდნენ გამოყენებული იქნას პირველივე შესაძლებლობა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრის ჩატარებისთვის. მიმოხილული იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური პარიზი მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს ყველა საერთაშორისო ფორმატში.