ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით
ილია დარჩიაშვილი - ევროკომისიის ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით

ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც.

„როგორც მოგეხსენებათ, 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ყველა პროცედურის დაცვით ევროპულ მხარეს წარუდგინა შესაბამისი კითხვარი, რომლის პოლიტიკურ-ეკონომიკური ნაწილის შეფასება გამოქვეყნდა 2022 წლის ივლისში და რომლის შესაბამისად, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.

ამჯერად, ევროკომისიამ გამოაქვეყნა შეფასების მორიგი ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.

ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკომისიის მიერ აღიარებულია თითქმის ყველა მიმართულებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რომლის გარეშე წევრობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის საბაჟო კონტროლი, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, განათლება, მეცნიერება და ინოვაციები, სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა, ფინანსური მომსახურება, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, სერვისების გადაადგილების თავისუფლება და სხვა.

ანგრიშში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი ისეთ ძირეულ სფეროებში, როგორიცაა ფუნდამენტური უფლებები, რაც მოიცავს სამართალდამცავ სფეროში ევროკავშირთან პოზიტიურ თანამშრომლობას, ძირითად თავისუფლებებს და უსაფრთხოებას. ანგარიშში ასევე ასახულია მნიშვნელოვანი პროგრესი ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფარგლებში არსებული ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით, რა მხრივაც, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, მათ შორის სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარული და სანიტარული ნორმების დანერგვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.