ილია დარჩიაშვილი - ევროინტეგრაციის კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში, ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან
ილია დარჩიაშვილი - ევროინტეგრაციის კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში, ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი ძალისხმევა, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, მოიტანს კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს, როცა 15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის კომისია არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი და დღევანდელ სხდომაზე იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიღებული, რომ კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებაში.

„ჩვენ ამ დღის წესრიგის შესაბამისად  გავაგრძელებთ მუშაობას. ამ დოკუმენტში მითითებულია პერიოდები, რომლის დროსაც გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ერთ-ერთი სულისკვეთება ამ დოკუმენტის არის, რომ ხელისუფლება, მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას, ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმები, გაგრძელდება სხვადასხვა პლატფორმაზე მუშაობა, რომ საერთო ინტერესები დაახლოვდეს, შეჯერდეს პოზიციები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეფორმასთან მიმართებაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის და ამ პლატფორმებში მუშაობის შესაბამისად გაგრძელდეს რეფორმები, რათა მაქსიმალურად იყოს ინკლუზიურობა დაცული. ინკლუზიურობა იყო საკითხი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით. დღემდე გვაქვს ამის მზაობა. დღის წესრიგის და იმ სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს დამტკიცდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი გაგრძელდეს. ჩვენ გვწამს, რომ ეს არის განგრძობადი პროცესი, რადგან ერთ წელიწადში რეფორმები არ ტარდება“, – განაცხადა დარჩიაშვილი.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა, სადაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მიიღეს.