ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს შეხვდა
ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მერვე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში და აღნიშნეს უორდროპის ფორმატის მნიშვნელობა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში.

„ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორობისა და ინტენსიური ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართ ყველა სფეროში და მიესალმნენ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც კარგ შესაძლებლობას იძლევა პარტნიორობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

მინისტრების შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხები, ყურადღება გამახვილდა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზე, რაც გამოიხატება როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო დონეზე შესაბამის განცხადებებსა და დოკუმენტებში. ქართველმა მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, საქართველოს მზარდი სატრანზიტო და ეკონომიკური როლის გათვალისწინებით, აღინიშნა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ბიზნესწრეების ინვესტიციებით დაინტერესების შესაძლებლობა.

„მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ მნიშვნელოვან რეგიონულ თუ საერთაშორისო პროექტზე, რაც ზრდის საქართველოს როლს სატრანზიტო და  ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საუბრისას, კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა საქართველოს მხრიდან გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარული ხასიათის მხარდაჭერა.

ასევე, აღინიშნა დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების აღმშენებლობისა და რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. მინისტრები ასევე მიესალმნენ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ქვეყნებს შორის რეადმისიისა და საჰაერო მიმოსვლის სფეროში შეთანხმებების გაფორმებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.