ილია დარჩიაშვილი - დღეს ვიმყოფებით ჩვენი ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ფაზაში, პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარჩიაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიაში, ევროპარლამენტსა და ნატო-ში.
მისივე თქმით, საქართველო ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ფაზაში იმყოფება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად, უკვე თავად, პირადად, შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილს ექნება შეხვედრები ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებთან და სხვა მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან ევროკომისიაში“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
„შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, გენერალურ მდივანთან შეხვედრა იქნება ამ ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ექნება ჩვენი საგარეო პოლიტიკის დამატებითი იმპულსები ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გაემგზავრა.